პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების პროპაგანდისტული გზავნილები გაიმეორა და "მშვიდობის მნიშვნელობაზე", ეკონომიკურ წინსვლასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრაზე ისაუბრა.
"ვაცნობიერებთ რა საკუთარი გამოცდილებიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენ სათავეში ვუდგავართ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნა კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად. ჩვენ მივესალმებით მშვიდობიანი შეთანხმების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კერძოდ კი იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად და დღესაც მზად ვართ, უზრუნველვყოთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ნდობის აღდგენას, ჩვენ შორის უთანხმოების წარსულში დატოვებას და ჩვენს ერთობლივ წინსვლას ყველა იმ რესურსისა და უპირატესობის გამოყენების თვალსაზრისით, რომელთა შეთავაზება ჩვენს რეგიონს შეუძლია მსოფლიოსთვის"- თქვა კობახიძემ.
მან ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანებაზეც და ქართულ ოცნებას "ხალხის მთავრობა" უწოდა.
დასავლეთიდან არაერთი კრიტიკის მიუხედავად, კობახიძე გაეროს ტრიბუნიდან ირწმუნებოდა, რომ "მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ემსახურებიან აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას".
"ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება.
ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი, ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ"- თქვა კობახიძემ.
მან ასევე სიტყვით გამოსვლისას ახსენა ოკუპაცია, თუმცა არ უხსენებია ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში", - თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიმართა.
"მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. რასაც ვაკეთებთ, ამას ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ, რათა ერთ დღეს, შვილებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში. აქეთა მხარეს ჩვენ ყოველთვის გულგახსნილი შეგხვდებით, ყველა ჩატეხილი ხიდი ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში", - თქვა მან.